თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" როგორც პოლიტიკური სუბიექტი, ფაქტობრივად აღარ არსებობს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პარტია საბოლოოდ გაიყო ორ ბანაკად – რადიკალურად განწყობილი ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი „ძველი გვარდიის“ და პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, უფრო ზომიერი პოლიტიკის მიმდევარი ნიკა მელიას მხარდამჭერებად.
„შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ფაქტობრივად აღარ არსებობს. ასეთი პოლიტიკური სუბიექტი უკვე აღარ არსებობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ პარტიამ განიცადა დაუჯერებელი ლუსტრაცია, როცა გამოაჩინა საკუთარი ნამდვილი სახე და მიზნები", – განაცხადა მიქანაძემ ჟურნალისტებთან.
დეპუტატის თქმით, შიდაპარტიული დაპირისპირების დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ" აჩვენა, თუ რა მეთოდებით მართავდა ქვეყანას ხელისუფლებაში ყოფნისას.
კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში"
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ამავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის ბრძოლა უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.