ირაკლი კობახიძე: ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეებისთვის

რადგან საქმე ეხება თანამემამულეების მდგომარეობის შემსუბუქებას, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გადაწყვეტილებას მიესალმება.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისასალმებელი იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ხალხს შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება.

„2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა... როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის არის მისასალმებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკოსის თქმით, რუსეთში მილიონამდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათი მდგომარეობა გაართულა.
„თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება", – აღნიშნა კობახიძემ.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
ლავროვს იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე განახლდება>>>
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.