თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმებმა და მძღოლებმა თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება „TV პირველი“.
მედიკოსები ხელფასების გაზრდას, შრომის ნორმალური პირობების შექმნას და ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ. მათი თქმით, მათ კურიერად მუშაობა უწევთ, რომ თავი და ოჯახი გამოკვებონ.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ უწყებაში სასწრაფო დახმარების სამსახურის გარდა კიდევ ცხრა სსიპ შედის და ისინიც მოითხოვენ ხელფასების მომატებას. მედიკოსებმა აღნიშნეს, რომ ეს მიდგომა მათთვის მიუღებელია. „ჩვენ დავავიწყდით სახელმწიფოს, ჩვენი როლი დაავიწყდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ერთ-ერთმა მედიკოსმა.
მომიტინგეების თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს მოახდინოს ზეწოლა, მათ შორის ფინანსურიც იმ მედიკოსებზე, რომლებმაც აქციებში მონაწილეობა მიიღეს.
მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე ექიმების პირობების გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, უწყებაში შემავალ არცერთ სხვა სამსახურს არ მიუღია სამჯერ ისეთი პრემია, როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურს.
მანამდე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უარყო ინფორმაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების სამუშაო პირობების გაუარესების შესახებ.
სასწრაფო დახმარების მედიკოსთა განცხადებით, იანვრიდან მათ დამატებითი მორიგეობების აღებაც აუკრძალეს, რითაც მათ მეტი ხელფასის აღების შესაძლებლობა ჩამოართვეს. აგრეთვე მათ აღარ აქვთ კერძო სამედიცინო დაზღვევა, აღარ ტარდება მანქანების დეზინფექცია.
„112“-ის ადმინისტრაციამ ეს ინფორმაციაც უარყო და განაცხადა, რომ მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები უკმაყოფილო თანამშრომლებთან.