„ქართული ოცნება“: ქვეყნისთვის ხაბეიშვილი როგორც „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე მომგებიანია

ხაბეიშვილი კონცენტრირებულია ერთი პრიმიტიული ფორმულის გარშემო - ეს არის დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში მოსვლა, განაცხადა ვოლსკიმ
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. თუ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს აირჩევს, ეს პარტიას დაასუსტებს და ქვეყანას სარგებელს მოუტანს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა.
უკვე ორ კვირაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე ეყოლება. ამ პოსტისთვის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს ზომიერი პოლიტიკის მომხრე მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და რადიკალიზმის მომხრე ლევან ხაბეიშვილს შორის, რომელსაც მხარს უჭერენ პარტიის საწყისებთან მყოფი ვანო მერაბიშვილი, ლევან ვარშალომიძე და სხვები.
„მათი ჭიდილი როგორც არ უნდა დასრულდეს, ეს ქვეყანა მათი დასუსტებით გაიმარჯვებს, იმიტომ რომ სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ უდრის უფრო ძლიერ ქვეყანას. სამწუხაროდ, მათ ეს ფორმულა თვითონ შექმნეს თავიანთი ქმედებებით და დესტრუქციით. თუ ისინი იქნებიან სუსტები და, იმედი მაქვს, ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, რაც ვიმედოვნებ, გამოიწვევს იმას, რომ მალე აღარ იარსებებენ, შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი სერიოზული ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის“, - განაცხადა დავითულიანმა.
ხაბეიშვილი: „საქართველოს რევოლუცია სჭირდება...“ >>
ამასთან მან აღნიშნა, რომ ხაბეიშვილის გამარჯვებით პარტია „დასამარდება“. ხოლო მმართველი პარტიის სხვა ლიდერი, გია ვოლსკი ხაბეიშვილის მოქმედებებს სულელურს უწოდებს.
„არის კონცენტრირებული ერთი პრიმიტიული ფორმულის გარშემო, ეს არის დესტაბილიზაცია მოახდინონ და მოვიდნენ ხელისუფლებაში. თვითონ რომ წარმოადგენს ვიღაცის მარიონეტს, რა ინტელექტუალური „ბაგაჟის" მატარებელია?! რა სულელურ განცხადებებს აკეთებს ან როგორ იქცევა - ეს უკვე წინაპირობას ქმნის იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვაც კი არ უნდა დაისვას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების სახით დარეგისტრირდნენ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის აქტიური წევრი, ამჟამად პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა მამულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი მუმლაძე.
ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის გაიმართება. ხაბეიშვილის თქმით, ის მზადაა პარტიაში დარჩეს წაგების შემთხვევაშიც, მელიამ კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, არჩევნების შემდეგ მიიღებს.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის" დაშლას პროგნოზირებს >>
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბრძოლა „ნაცმოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასა და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.