თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის გაუპატიურებისთვის 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
პროკურატურის ცნობით, მამაკაცი ასევე დამნაშავედ ცნეს სექსუალური ხასიათის ქმედების, ოჯახში ძალადობის, სისტემატური ცემისა და მუქარის ფაქტებზე.
პროკურატურამ შეძლო იმის დამტკიცება, რომ ბრალდებული სცემდა თავის არასრულწლოვან შვილებს, ასევე მეუღლეს, მათ შორის ორსულობის პერიოდში და მოკვლით ემუქრებოდა მას.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მამაკაცი თავის მცირეწლოვან გერზე სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს. ასევე იგი ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვან დაზარალებულს სისტემატურად აუპატიურებდა.
სასამართლოზე ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდის დამტკიცება მოხერხდა. სასამართლომ ბრალდებული ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდში, გაამართლა გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე.