თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულებისა დადებითი იქნება.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
„როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ამ პროცესში დავეხმაროთ. ვიმედოვნებთ წარმატებულ შედეგს წლის ბოლოს. დადებითი შედეგი ნიშნავს საქართველოს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირში წევრობისკენ, რაც კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჰერჩინსკიმ.
ჩვენ არა მხოლოდ ვიმედოვნებთ, არამედ მზად ვართ დავეხმაროთ როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ყველა სამუშაო პროცესს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, განაცხადა დიპლომატმა.
„ამ წლის დასასრულს ჯერ ევროპული კომისია და შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ საქართველოს პროგრესს და გადაწყვეტენ შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის მისწრაფებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.