თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
ცნობილი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი, 84 წლის ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს გარდაიცვალა.
„მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
ვახტანგ კიკაბიძეს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ვარსკვლავის გზა
ბუბა კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.
მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას" სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო" და „რერო".
კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა-70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.
ვახტანგ კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.