თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორშაბათს დამნაშავედ ცნო 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობის საქმეში ექვსი მსჯავრდებული, თუმცა ისინი გაამართლა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნაწილში.
საუბარია ეპიზოდზე, რომელშიც მონაწილეობდნენ „TV პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია და ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ილიკო თვალიაშვილზე თავდასხმაზე და კიდევ რამდენიმე ეპიზოდზე სხვადასხვა მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც ისინი გამოიკვლიეს.
„პირველმა ინსტანციამ... გაიზიარა პროკურატურის მსჯელობა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ რატომ არ გაიზიარა, სანამ წერილობითი განაჩენი არ ჩაგვბარდება, მანამდე ძალიან რთულია ვისაუბროთ“, – განაცხადა იაკობიძემ.
განაჩენი მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა, რომელმაც ნაწილობრივ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებულებს პატიმრობის ვადა შეუმცირა. ამგვარად, მოსამართლემ ალალო ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს, ხუთის ნაცვლად, თითოეულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უფრო ადრე, 2022 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე დამნაშავედ აღიარა ბრალდების ყველა პუნქტით.
„პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს... ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა იაკობიძემ.
გარდა ამისა, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის საქმეზე და მოითხოვა, რომ ჩიხლაძის საქმე გადაკვალიფიცირდეს განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების ბრალდებაზე.
თუმცა, იმის გამო, რომ ამ დრომდე არ იქნა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თავისი დანაშაული დღემდე არცერთ ბრალდებულს არ უღიარებია.
სულ 5 და 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს 31 ადამიანი, აქედან 27 - ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ფიზიკური ძალადობის გამო.
ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია არც 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების მომხრეებმა მაინც მოახერხეს რუსთაველის გამზირზე შეკრება. პოლიციამ კორდონი შეკრა, რათა კონტრაქციის წევრებისგან დაეცვათ ისინი. მიუხედავად ამისა, დაპირისპირება მაინც მოხდა.