თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 16–23 იანვარს ჩატარდება. ფორუმის თემაა „თანამშრომლობა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში“.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან.
დაგეგმილია ღარიბაშვილის გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი.
ორგანიზატორების შეფასებით, წელს დავოსს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა – 2,7 ათასზე მეტი ადამიანი ეწვევა.
საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პროგრამა მოიცავს მოწოდებას სახელმწიფო და კერძო სექტორების ურთიერთობებისკენ მსოფლიო ყველაზე მწვავე პრობლემების გადასაწყვეტად, ის მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს ერთობლივი მუშაობისკენ ენერგეტიკის, კლიმატისა და ვაჭრობის სფეროებში.
ღონისძიებების პროგრამის მიხედვით, 17 იანვარს სიტყვით გამოვლენ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი და კორეის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ლიუ ჰე, 18 იანვარს – გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, ასევე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
დავოსს ეწვევიან პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ჯანმოს ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი და სხვ.
ფორუმი დავოსში (World Economic Forum) ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. აქ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები და უდიდესი კომპანიების წარმომადგენლები. სწორედ ეს ფორუმია ადგილი, სადაც იწყება მოლაპარაკებები შემდგომ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, თანხმდებიან კრედიტების გაცემაზე და იზიდავენ ინვესტიციებს.
ფორუმის დამაარსებელი და წამყვანია ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუს შვაბი.