თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ ნებისმიერი მოწოდება არის არა მხოლოდ კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა, არამედ მეორე ფრონტის გახსნის პირდაპირი მოწოდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რეინსალუმ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დარჩიაშვილთან საუბრისას შეშფოთება გამოხატა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ქართველ კოლეგას ექს-პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.
„ნებისმიერი საუბარი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე არის არა მხოლოდ სამართლიანობის და კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა, არამედ პირდაპირი მოწოდება საქართველოში არეულობისკენ და მეორე ფრონტის გახსნისკენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს სისტემატურად ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ. ამასთან, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ ქვეყანას არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.
„ამიტომ ყველას მოვუწოდებდი, სანამ მსგავსი შინაარსის მოწოდებებს გააკეთებენ, დაფიქრდნენ, რათა არ გახდნენ რადიკალური ჯგუფებისა და ომის პარტიების მონაწილეები“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.