თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება საქართველოს სუვერენიტეტის, კანონის უზენაესობისა და ქვეყნის იმიჯისთვის საერთაშორისო ასპარეზზე დიდი დარტყმა იქნება, განაცხადა პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ.
ამის თაობაზე მამრაძემ „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„თუ მას (სააკაშვილს) რაღაც მიზეზით გაათავისუფლებენ, ეს ძლიერი დარტყმა იქნება საქართველოს სუვერენიტეტზე, ეს იქნება იმის დასტური, რომ ჩვენ არ გვაქვს კანონის უზენაესობა“, – განაცხადა მამრაძემ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან „ვივამედის“ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება სამკურნალოდ.
მამრაძემ სააკაშვილს სიმულანტი უწოდა, თუმცა აღიარა, რომ მას აქვს ჯანმრთელობის – ფსიქიკური პრობლემები.
„ორი კვირის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ თუ იქნება სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ონლაინ-ჩართვა, იგი გაითამაშებს მინიმუმ გულის წასვლას, მაქსიმუმ - კლინიკურ სიკვდილს, რათა მთელმა მსოფლიომ ნახოს, თითქოს რა მდგომარეობამდე მიიყვანეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
დეკემბრის ბოლოს სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მონაწილეობა დისტანციურად მიიღო. მაშინ საზოგადოება შეაშფოთა ექს-პრეზიდენტის გარეგნობამ - სიგამხდრემ, გაუპარსავმა სახემ და დაუვარცხნელმა თმამ. მოქალაქეები ორ ბანაკად გაიყვნენ - ზოგი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა, ზოგი კი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, ამას „უღიმღამო სიმულაციად“ მიიჩნევენ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, იგი კვლავ პრეზიდენტის სავარძელში უნდა ჩასვან და ძველი ძალაუფლება დაუბრუნონ – ეს არის ის, რაც მართლა ხელს შეუწყობს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, აღნიშნა მამრაძემ.
პრესკონფერენციაზე მამრაძემ ასევე კომენტარი გააკეთა მედიასაშუალებებში გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე.
რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უცენზურო სიტყვებით მოიხსენებს ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
მამრაძის თქმით, ის, რომ სააკაშვილის მომხრეები მისი მისამართით „ყველაზე უკანასკნელ სიტყვებს“ იყენებენ, მისთვის დიდი ხანია ცნობილი იყო.
„ის, რომ სააკაშვილს მხოლოდ შეურაცხმყოფელი და უხამსი სიტყვებით იხსენიებდნენ, ამის მოწმე ჯერ კიდევ 2008 წელს გავხდი, როცა მან სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა მოაწყო. ყველა, რა თქმა უნდა, ზურგს უკან ამბობდა: „ყველა დაგვღუპა, ამის დედაც...“ – იხსენებს მამრაძე, რომელიც 2008 წელს საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის უფროსი იყო, შემდეგ კი – პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი.
პოლიტოლოგის თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების შიდა დაპირისპირება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, უბრალოდ მან ახლა კულისებიდან პოლიტიკურ სცენაზე გადაინაცვლა და აშკარა გახდა უბრალო ხალხისთვის.
11 იანვარს გავრცელდა სხვა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, თუ როგორ ეწინააღმდეგება, სავარაუდოდ, გიული ალასანია მისი შვილის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, რადგან მის გამო ეშინია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მთავარია, რას ფიქრობს ამაზე რუსეთი. მან ასევე ოპოზიციას პარაზიტები უწოდა, რომლებიც ყოველთვის სააკაშვილის ხარჯზე იყვნენ.
ორივე უდიოჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინ გავრცელდა, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარტიის ლიდერთა ნაწილმა ღიად დაიწყო კონფლიქტი მელიასთან. მელიას ბრალი დასდეს იმაში, რომ ის არაფერს აკეთებს სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.