თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) შეძლებენ და საზღვარგარეთის პასპორტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
12 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტი „ორ სახელმწიფოს შორის სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ“.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერევნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფება. სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი მოლაპარაკებები.