ცოტა ხნის წინ პოტენციურ მსესხებლებს რამდენიმე კონკრეტული რჩევა მივეცი. მოვუწოდე, ფულის სესხებამდე, ანუ მარყუჟში თავის გაყოფამდე სწორად შეაფასონ – რა მოცულობის სესხის აღება და დაბრუნება შეუძლიათ მათი შემოსავლების, ხარჯებისა და უკვე არსებული ვალდებულების გათვალისწინებით.
საკრედიტო საკითხებში მრჩეველის მისია მას შემდეგ ვიკისრე, რაც ეროვნული ბანკის მონაცემებს გავეცანი და აღმოვაჩინე, რომ სესხის გამცემი სუბიექტების საერთო საკრედიტო პორტფელში ე.წ. პრობლემური სესხების წილი მზარდია. კერძოდ, გასული თვის დასაწყისში კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ლომბარდებისა თუ საკრედიტო კომპანიების დავალიანება ჯამურად 574.715 მსესხებელს ჰქონდა. 30 დღეზე მეტი ხნის ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 4,359 მილიარდ ლარს აღემატება.
კომერციული ბანკების სესხებზე 30 დღეზე მეტი დავალიანება 312.899 სუბიექტს ჰქონდა. პრობლემური სესხების მოცულობამ კი 2,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამ პროცესის ლოგიკური შედეგია, რომ გაიზარდა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულების მოცულობაც. კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი ბოლო ერთ წელიწადში 48,1 მილიონი ლარით გაიზარდა.
საინტერესოა, როგორ იზრდებოდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ბოლო სამი წლის განმავლობაში? საპასუხოდ ეროვნული ბანკის სტატისტიკას მოვიშველიებ: თუ 2019 წელს ვადაგადაცილებული სესხის მოცულობა 2,553 მილიარდ ლარზე მეტი იყო, უკვე მომდევნო წელს 3,088 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გასულ წელს პრობლემური კრედიტების მოცულობამ 3,622 მილიარდი ლარი შეადგინა, ამჟამად კი 4,4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
დარწმუნებული ვარ, მკითხველი ვარაუდობს, რომ წინამდებარე სტატიის თემა კვლავ ვადაგადაცილებული სესხებია. ასეც არის, თუმცა ამჯერად რეკომენდაციებისა თუ რჩევების გაცემისგან თავს შევიკავებ და ლოგიკურ შეკითხვას დავსვამ: რატომ იზრდება პრობლემური სესხების მოცულობა ქვეყანაში, სადაც, როგორც მთავრობა აცხადებს, აგერ უკვე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკონომიკური ბუმია?
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფლაციის მაღალი ნიშნულია, მოსახლეობის შემოსავლები კი ინფლაციის ტოლფასად არ გაზრდილა, რის გამოც რეალურმა შემოსავლებმა, პირიქით, დაიკლო.
„მიზეზი ბევრია, პირველ რიგში COVID-19-ის პანდემია და შემდეგ უკვე ის პროცესები, რაც საფინანსო სექტორში წარიმართა. მთავრობასა და ეროვნულ ბანკში ფიქრობდნენ, რომ ამ პრობლემას ლარიზაცია უშველიდა. მოსახლეობა მეტად გადახდისუნარიანი გახდებოდა, თუ ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტი კრედიტი გაიცემოდა, ვიდრე დოლარში. სინამდვილეში მოსახლეობის გადახდისუნარიანობა შემოსავლებზეა დამოკიდებული და არა სესხის აღების ფორმაზე. მზარდი ინფლაციური წნეხის, სავალუტო რყევებისა და, ზოგადად, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ფასებმა მკვეთრად მოიმატა, მოსახლეობის შემოსავლები არ გაზრდილა. ბუნებრივია, შემცირდა რეალური შემოსავლები და მასთან ერთად დებიტორთა გადახდისუნარიანობის ხარისხიც“, − აცხადებს რომან გოცირიძე.
მისივე თქმით, რეალური შემოსავლებისა და მსესხებელთა გადახდისუნარიანობის შემცირების შედეგად გაზრდილია უიმედო სესხების მოცულობაც, რაც ვადაგადაცილებულ სესხებზე კიდევ უფრო უარესია. ეს, მართალია, საბანკო სფეროს პრობლემას არ შეუქმნის, მაგრამ თავისთავად მძიმე ფაქტია, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილის გადახდისუუნარობასა და სიღარიბეზე მიანიშნებს. „ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ამას მოსდევს უკვე სულ სხვა სახის პრობლემები, კერძოდ, კრედიტორების მიერ დასაკუთრებული ქონების გაყიდვა, ადამიანები კარგავენ საცხოვრისს, სხვა უძრავ თუ მოძრავ ქონებას, რაც კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით დაგირავეულია ან იპოთეკით არის დატვირთული. ამას მოსდევს ოჯახების გაღარიბება და ეს კიდევ უფრო ამძიმებს სოციალურ ვითარებას. ამავდროულად, დღეს მოსახლეობის დეფოლტზე საუბარი არარეალურია“, − დასძენს რომან გოცირიძე.
ვადაგადაცილებული თუ უკვე უიმედო კრედიტების მოცულობის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აკადემიურ წრეებშიც ინფლაციას ასახელებენ. ამავე დროს ანალიტიკოსთა ნაწილის, მათ შორის, საბანკო სფეროს ექსპერტის ლია ელიავას შეფასებით, პრობლემური თუ უიმედო სესხების მოცულობაზე მეტად საგანგაშო იმ ადამიანების რაოდენობაა, რომლებიც ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ. ეს შეჭირვებული ადამიანები არიან, რომლებმაც მცირე მოცულობის სესხიც კი ვერ დაფარეს.
„პრობლემის მთავარი მიზეზი არის ინფლაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი ვერ ერევა. გარდა ამისა, მოსახლეობის შემოსავლები არ მატულობს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა კი, რითაც ბანკი ინფლაციის მოთოკვას ცდილობს, მოსახლეობას აღარიბებს, რადგან ლარში გაცემული სესხების უდიდესი ნაწილის პროცენტის მოცულობა სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული. თუ რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ყველა დებიტორს, რომლის სესხიც ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული, კრედიტი უძვირდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფლაციური მოლოდინი ბიზნესის მხრიდან, რაც ფასების ზრდას იწვევს. ყველაფერი ეს ნეგატიურად მოქმედებს, ანუ მოსახლეობა ან ვერ იხდის სესხს, ან არ იხდის, რადგან ეშინია, რომ ულუკმაპუროდ დარჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არათუ ორნიშნაა, არამედ უკან-უკან მიდის“, − აცხადებს ლია ელიავა.
რაკი სიტყვა ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე ჩამოვარდა, მოგახსენებთ, ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, პრობლემური ან/და უიმედო სესხების მოცულობისა და ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი მსესხებლების რაოდენობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს.
„ვადაგადაცილებული კრედიტების რაოდენობის მატება COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის ნიშნები არის, პრობლემად რჩება ის, რომ ინფლაცია მაღალია და, შედეგად, შინამეურნეობის ხარჯები გაზრდილია. იმისათვის რომ ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ ადამიანთა რაოდენობა, უიმედო და ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა შემცირდეს, ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს. რაც შეეხება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ეს ერთჯერადი ფაქტორებით არის გამოწვეული. მაღალი ინფლაციის პირობებში საკუთარ ჯიბეზე გაძვირებულ ცხოვრებას უფრო ვგრძნობთ, ვიდრე ეკონომიკური ზრდის სიკეთეებს“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი კეპულაძე.
ამასობაში ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ანგარიში გამოაქვეყნა და საბანკო სექტორის საქმიანობის ერთი თვის შედეგები გაასაჯაროვა. წინამდებარე სტატიაში პრობლემური სესხების მოცულობის ზრდის მიზეზებზე ვიმსჯელე და ყურადღებას პირველ რიგში კომერციული ბანკების საერთო საკრედიტო პორტფელის ძირითად პარამეტრებზე გავამახვილებ.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 17,42 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,55 პროცენტით გაიზარდა და ნოემბრის დასაწყისისთვის 43,24 მილიარდი ლარი შეადგინა.
კობა გვენეტაძის უწყების ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 261,19 მილიონი ლარით, 1,11 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტების მოცულობა 243,77 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,12 პროცენტით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში მთლიანი კრედიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,17 პროცენტი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისის მაჩვენებელზე გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,30 პროცენტით მეტია.
მოკლედ გაგაცნობთ სხვა პარამეტრებს. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 708,335 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 431,504 მილიონი ლარი შეადგინა.
კომერციულმა ბანკებმა 243,143 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც სექტემბრის თვის მოგებაზე 7,620 მილიონი ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 235,523 მილიონი ლარი იყო. მიმდინარე წლის ათ თვეში კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 1,775 მილიარდი ლარის წმინდა მოგებაა.
დღეისათვის სულ ეს იყო. უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ნოემბრის თვის ინფლაციური პროცესის მიმოხილვით დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი