ღარიბაშვილი: საქართველო-სომხეთის მთავრობათშორისი კომისია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია

საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოსა და სომხეთის მთავრობის მეთაურების შეხვედრა მთავრობათშორისი კომისიის ფარგლებში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების კუთხით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ორი ქვეყნის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომა ერევანში ხუთშაბათს გაიმართა.
„ჩვენი დღევანდელი სხდომაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის საკმაოდ პოზიტიური დინამიკა აღინიშნება, გასულ წელს საქონელბრუნვა 70%-ით გაზარდა და 1 მლრდ დოლარს გასცდა.

„მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ იანვარი-ნოემბრის პერიოდში, გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 70%-ით დაახლოებით და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მართლაც მისასალმებელი შედეგია; და სომხეთი საქართველოსთვის გახდა მე-6 სავაჭრო პარტნიორი, ტოპ ათეულში მე-6 სავაჭრო პოზიცია დაიკავა სომხეთმა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, დადებითი დინამიკა სხვა მიმართულებებითაც შეინიშნება, ეს არის ტურიზმი, საზღვაო გადაზიდვები, საქონელბრუნვა და სხვ.
რა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ერევანში >>
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა კომისიის როლის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში.

„ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2019 წლიდან დღემდე უკვე სამი მთავრობათშორისი სხდომა ჩატარდა, რაც ჩვენ შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ორივე მხარემ შევასრულეთ ჩვენ მიერ დადებული ყველა პირობა. დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს – ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენს, აღნიშნა მან.
საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს ID ბარათებით გადაკვეთენ >>
მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) შეძლებენ და საზღვარგარეთის პასპორტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება. ასევე, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის მე-12 სხდომის ოქმს.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს 88 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
წყარო - საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური