რა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ერევანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელოს შუამავლის როლი მეზობელ ქვეყნებს შორის.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს ერევანში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში ხუთშაბათს გაემგზავრა.
პირისპირ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს.
საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს ID ბარათებით გადაკვეთენ >>
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად.
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს 88 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
წყარო - საქართველოს მთავრობის პრესსამსახური