თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უბინძურესი ბრძოლა მიმდინარეობს, რომლის ერთადერთი მიზანია პირადი კეთილდღეობისა და ფინანსური რესურსების მოპოვება, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ რატი იონათამიშვილმა.
უფრო ადრე გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უცენზურო სიტყვებით მოიხსენებს ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ტიტრების მიხედვით, აუდიოჩანაწერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე გაკეთდა. ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის.
„რადიკალურ ოპოზიციაში რომ ამ ყველაფერს ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებენ, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ასეთი ბინძური მოვლენები და დაპირისპირებები. „ნაციონალური მოძრაობის“ ზნე არ იცვლება, ეს არის გაკოტრებული პარტია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბინძური, კრიმინალური ბრძოლები დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ეს მაშინ იყო, როცა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყვნენ, აღნიშნა დეპუტატმა.
„უკვე აშკარაა ყველა ის მანკიერი მხარე, რომელიც წლების განმავლობაში ბუდობდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. რაც ნაკლებად იქნება ასეთი ოდიოზური დაჯგუფება წარმოდგენილი პოლიტიკაში, მით უფრო ჯანსაღი იქნება პროცესი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
აუდიოჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინ გავრცელდა, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარტიის ლიდერთა ნაწილმა ღიად დაიწყო კონფლიქტი მელიასთან. მელიას ბრალი დასდეს იმაში, რომ ის არაფერს აკეთებს სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.
მელიას თავშეკავებული პოლიტიკის ბანაკთან ბრძოლაში ძირითადად „ნაცმოძრაობის“ „ძველი გვარდია“ ჩაება.
მათი აზრით, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.