აჭარული ხაჭაპური The New York Times-ის რჩეულ კერძებს შორის მოხვდა

ამერიკულმა გამოცემამ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი და მომზადების წესი გამოაქვეყნა და მას მასალაც მიუძღვნა.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. აჭარული ხაჭაპური The New York Times-ის განსაკუთრებულ და რჩეულ კერძებს შორის მოხვდა.
ამერიკულმა გამოცემამ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი და მომზადების წესი გამოაქვეყნა და მას მასალაც მიუძღვნა.

„ხაჭაპური, ანუ ყველით გამოტენილი პური, რომელიც ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძია, ბევრი სახეობისა არსებობს, მაგრამ მათი უმეტესობა ცომის გუნდაში ყველის მოთავსებას და ყველის გალღობამდე მის გამოცხობას გულისხმობს. ხაჭაპურის ყველაზე ცნობილი ნაირსახეობა აჭარიდან, შავიზღვისპირეთიდან მოდის“, – ნათქვამია სტატიაში.

The New York Times-ის მასალაში აღნიშნულია, რომ აჭარული ხაჭაპური ნავის ფორმის მქონე გახსნილი პურია, რომელსაც კვერცხის გულთან და კარაქის ნაჭერთან ერთად უნდა ამოურიონ და ისე მიირთვან.
სტატიის ავტორის თქმით, ტრადიციულად, აჭარული ხაჭაპურის მომზადებისას იმერულ ყველსა და სულგუნს იყენებენ, მაგრამ აშშ-ში მათი პოვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ გამოყენებულია რეცეპტი კარლა კაპალბოს წიგნიდან „ხაჭაპური და გამოტენილი პურის ნაირსახეობები“. აღნიშნულ რეცეპტში გამოყენებულია მოცარელას, ფეტას და თხის ყველის ნარევი.