თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ ელოდება, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოზიციას შეიცვლის და მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.
ამ დროისთვის პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხს თავს არიდებს. ადრე აღნიშნულ საკითხზე მას მკაფიო პოზიცია ჰქონდა: არა და არასოდროს“.
„მოლოდინი (სააკაშვილის შეწყალების -რედ.) არ მაქვს, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია, რაც მან არაერთხელ გააჟღერა. ამასთან, ვერ ვხედავ მიზეზებს, რომ იგი შეცვალოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილი ბრალდებულია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეშიც, სალომე ზურაბიშვილი კი თავად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, მათ შორის გირგვლიანი მკვლელების შეწყალების წინააღმდეგ გამართულ აქციებში.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან გაუქმებას, პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას ურჩევს სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.
„ეს ექიმების და სასამართლოს კომპეტენციაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
უფრო ადრე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შეწყდეს სპეკულაციები ამ თემაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს“.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 9 იანვარსაა ჩანიშნული.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დასამტკიცებლად ადვოკატებმა საქმეში ჩართეს ამერიკელი ექსპერტები, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.