რამდენს დახარჯავს 2023 წელს თბილისის ხელისუფლება ქალაქზე - მთავარი პრიორიტეტები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი გასული წლის 28 დეკემბერს დაამტკიცა.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. თბილისის ბიუჯეტმა 2023 წელს 1,6 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც დიდი ნაწილი ტრანსპორტსა და გარემოს დაცვას მოხმარდება.
თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები 1,6 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 872,2 მლნ ლარი გადასახადები და მოსაკრებლებია, ხოლო 475 მლნ ლარი – გრანტები.
თბილისის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა – 522,1 მლნ ლარი მოხმარდება მშენებლობას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და განვითარებას. ამასთან, 116 მლნ ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაიხარჯება, 4 მლნ – მეტროს სადგურების რეკონსტრუქციაზე, 50 მლნ – საქალაქო ტრანსპორტის მოდერნიზაციაზე, 286 მლნ ლარი კი პენსიონერების, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და სხვა ბენეფიციარების საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სუბსიდირებაზე დაიხარჯება.
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებას მოხმარდება 243 მლნ ლარი. აღნიშნული თანხიდან 12,8 მლნ ლარი სახლების მშენებლობასა და ავარიული სახლების გამაგრებაზე დაიხარჯება, 20 მლნ ლარი – ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე, 3,5 მლნ ლარი სანიაღვრე სისტემის, ხოლო 62,1 მლნ ლარი ქალაქის კეთილმოწყობაზე დაიხარჯება.
რა გაკეთდა თბილისში 2022 წელს - კალაძის ანგარიში>>>
გარდა ამისა, დედაქალაქის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტულია ეკოლოგია. მასზე 211,9 მლნ ლარი დაიხარჯება. 2023 წელს მერია ზოოპარკის კეთილმოწყობაზე 7,3 მლნ ლარს დახარჯავს, ბოტანიკურ ბაღზე – 6,1 მლნ ლარს, ქალაქის გამწვანებაზე კი – 79,5 მლნ ლარს.
დედაქალაქის ბიუჯეტში 2 მლნ ლარი ეკონომიკის განვითარებაზეა გათვალისწინებული, 383,5 ათასი ლარი – ბიზნესის ხელშეწყობაზე, 480 ათასი კი – ტურისტების მოზიდვაზე. ჯანდაცვაზე მერიამ 21,2 მლნ ლარი გამოყო, რომელიც გარკვეული დაავადებების სამკურნალო მუნიციპალური პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება.
თბილისის მცხოვრებთა სოციალურ დახმარებაზე 117 მლნ ლარია გათვალისწინებული, აქედან 26,2 მლნ დაიხარჯება უფასო სასადილოებზე, 5 მლნ – უსახლკაროთა დახმარებაზე, 10 მლნ – პენსიონერების მედიკამენტებზე, 3,3 მლნ ლარი – შეჭირვებული ოჯახების შვილების ხელოვნებისა და სასპორტო სკოლებში უფასო სწავლებაზე, 8 მლნ ლარი კი იმ ოჯახების კომპენსირებას მოხმარდება, რომელთაც სახლი დაენგრათ. საბავშვო ბაღებზე მერია 187,3 მლნ ლარს დახარჯავს, სტუდენტების დაფინანსებაზე – 3 მლნ ლარს.
თბილისის თეატრები მერიისგან 3,1 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს 1 მლნ ლარი მოხმარდება. თბილისის მერიის დაფინანსება 28,1 მლნ ლარს შეადგენს, საკრებულოს კი 18,4 მლნ ლარს.