თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ბაქოში ჩავიდა საკონტეინერო მატარებელი, რომელიც პირველად გამოიგზავნა უზბეკეთიდან ევროპაში მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნით CASCA+, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო დერეფნის – აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები–ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთი–თურქმენეთი–აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი–ევროპა – ფარგლებში, ნათქვამია „აზერბაიჯანის რკინიგზის“ განცხადებაში.
კონტეინერები თურქმენბაშის პორტიდან ბაქოს პორტში გემი „ბალკანით“ ჩავიდა, რომლის ოპერატორი „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია ADY Container–ია, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
საკონტეინერო მატარებელი იმოძრავებს უზბეკეთი–თურქმენეთი–აზერბაიჯანი–საქართველო–ბულგარეთი/ევროპის მარშრუტით და 4 ათას კილომეტრზე მეტ მანძილს დაფარავს.
სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც სპილენძის კონცენტრატით არის დატვირთული, ბულგარეთის პორტ ბურგასში გაემგზავრება. ბლოკ–მატარებელს 91 ოცფუტიანი კონტეინერი გადააქვს.
პროექტი ხორციელდება მარშრუტის ოპერატორების თანამშრომლობით – „ოზტემირიოლკონტეინერი“ (უზბეკეთი), TULM (თურქმენეთი), ADY Container (აზერბაიჯანი) და GR Logistics and Terminals (საქართველო).
მულტიმოდალური სატრანსპორტო პროექტი CASCA+ (ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია და ანატოლია) აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის სარკინიგზო სტრუქტურების ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.