პრეზიდენტმა „ნაცმოძრაობისადმი" დამოკიდებულება შეიცვალა - დეპუტატი

პრეზიდენტი დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს მართავს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავის დროზე მას შეურაცხყოფდნენ, აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ შეიცვალა, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ რატი იონათამიშვილმა.
მანამდე „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოთხი წლის წინ პრეზიდენტს სრულიად სხვა, ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა „ნაცმორაობის“ მიმართ, და ეს შეიძლება გარედან პოლიტიკურ გავლენას უკავშირდებოდეს.

„სახეზეა, რომ სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა ხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე მას რუსეთის აგენტს უწოდებდნენ, გენდერული ნიშნით შეურაცხყოფას აყენებდნენ... ახლა სალომე ზურაბიშვილი მივარდნილებს უწოდებს იმ ადამიანებს, ვინც პრეზიდენტად აირჩია და სწორედ ამ ადამიანებმა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი საკუთარ თავზე იგრძნეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ოთხშაბათს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ადამიანებს, რომლებმაც ის თავის დროზე პრეზიდენტად აირჩიეს, მიმართა და უთხრა, რომ ისინი იქ „მივარდნენ“. ამასთან, პრეზიდენტმა არ გაამჟღავნა თავისი გეგმები სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
ადრე პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების საკითხზე მკაფიო პოზიცია ჰქონდა: „არა და არასდროს“. შეიცვლის თუ არა აზრს ზურაბიშვილი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების გათვალისწინებით, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სასამართლო სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე თავის გადაწყვეტილებას მიიღებს.
უფრო ადრე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შეწყდეს სპეკულაციები ამ თემაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს“.
სააკაშვილის შეწყალება ამორალური ნაბიჯი იქნება – კობახიძე>>
გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ის არაერთხელ შეხვდა ქვეყნის პრტეზიდენტს. მელიას თქმით, ზურაბიშვილი სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ მძიმე რეალობას ძალიან ფხიზლად აფასებს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
იმის შესახებ, რომ ურთიერთობები მმართველ პარტიასა და ზურაბიშვილს შორის დაიძაბა, ცნობილი გახდა მისი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის შემდეგ. პირველი და ჯერ ფრთხილი უკმაყოფილება „ოცნების“ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 2021 წელს გამოთქვა.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს 2022 წლის მარტში კონსტიტუციის დარღვევაში დასდო ბრალი. საქმე ელჩების დანიშვნას ეხებოდა. მას შემდეგ კრიტიკა უფრო გამძაფრდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს