თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში განათლების რეფორმის ფარგლებში საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ელექტრონული ფორმით ტესტირება 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება. ტესტირება 12:00 საათზე დაიწყება.
დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციისთვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ და თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან პასპორტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
ტესტირებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით და 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით გაიარეს რეგისტრაცია, ამასთან, განცხადებით არ მოითხოვეს რეგისტრაციის გაუქმება და რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
ტესტირების ხანგრძლივობა შეადგენს ხუთ საათს. რაც შეეხება მხედველობის პრობლემის მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ. ტესტირების დროის გახანგრძლივების მიზნით მხედველობის პრობლემის მქონე პირებმა წინასწარ უნდა მიმართონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და წარმოადგინონ შესაბამისი განაცხადი მხედველობის შესახებ სამედიცინო დასკვნასთან ერთად.
ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.
ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების შესახებ გამოქვეყნდება 2023 წლის 17 იანვარს ვებ-გვერდზე.
განათლების სამინისტროს მთავარი მიზანი აღნიშნული კონკურსის დახმარებით მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვაა.