სააკაშვილი მოწამლეს თუ ანალიზები ნორმაშია? ამერიკელი ტოქსიკოლოგის ჩვენება

დაცვის მხარის მოწმის, ამერიკელი ექსპერტის გამოკითხვა დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ამერიკელი ტოქსიკოლოგი და ნარკოლოგი დევიდ სმიტი ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ყოფნისას მძიმე ლითონებით მოწამლეს, რამაც პროგრესირებადი დემენცია გამოიწვია.
სმიტი მეორე ამერიკელი ექსპერტი გახდა, რომელიც წარდგა სასამართლო პროცესზე, სადაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხი განიხილება. ზუსტად ერთი კვირის წინ ჩვენება სასამართლო ფსიქიატრიის ექსპერტმა დევიდ გოლდსმიტმა მისცა. დაცვის ორივე მოწმე დაახლოებით 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა.
სმიტი თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო. სმიტის თქმით, მან სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნა ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის მასიმო დ’ანჯელოს თხოვნით მოამზადა.

„ჩემით აზრით, ის მოწამლული იყო სხვადასხვა მეტალით. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს. ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან, სხეულიდან გამოყოფის პროცესში ისინი წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს“, – განაცხადა სმიტმა.

ექსპერტის თქმით, დინამიკა მკვეთრად უარყოფითია.
მან აღნიშნა, რომ მძიმე მეტალებით მოწამვლის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა ექს-პრეზიდენტის თავის ტვინში თეთრი ნივთიერება, რამაც „სერიოზული და პროგრესირებადი დემენცია“ გამოიწვია. გარდა ამისა, სააკაშვილს აქვს პერიფერიული ნეიროპათია, გასტრიტი, კახექსია, დაზიანებულია ღვიძლი, თირკმლები და სხვა სასიცოცხლო ორგანოები.
სმიტმა გამორიცხა ორგანიზმში მძიმე მეტალების მოხვედრა წამლებთან ერთად.
ამასთან, მან დადებითი პასუხი გასცა სააკაშვილის ადვოკატის შალვა შავგულიძის კითხვას – გაუარესდება თუ არა სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობა და ინვალიდობის და სიკვდილის რისკიც კი გაჩნდება. მისი თქმით, მდგომარეობის გაუარესება გამოიწვევს ტანჯვას.
სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა >>
სხდომაზე ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სააკაშვილმა რამდენჯერმე დაკარგა გონება: ორჯერ – 5 და 11 მაისს ქალაქ რუსთავის მე-12 ციხეში, ასევე 25 მაისს კლინიკა „ვივამედში“, სადაც ის დღემდე იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს.
ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევა ძალიან გვიან ჩატარდა – სისხლის ანალიზი მხოლოდ 31 მაისს გაკეთდა.
თავის მხრივ, ექსპერტმა თქვა, რომ ამ შემთხვევაში სისხლის ანალიზი ყოვლისმომცველ სურათს არ აჩვენებდა.
უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ სააკაშვილი ციხეში მოწამლეს.

„ჩვენ ვიყენებთ თმის ანალიზს იმის დასადგენად, იყო თუ არა მოწამვლა. ვფიქრობ, პირველი ინტოქსიკაცია მარტში მოხდა. უფრო სწორად, კლინიკაში გადაყვანისას ის უკვე იყო მოწამლული მძიმე ლითონებით, რამაც მისი ორგანიზმი დააზიანა, გამოიწვია კრუნჩხვები და ნერვული სისტემის დაზიანება“, – განაცხადა სმიტმა.

ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცა ადვოკატის კითხვას, მიუთითებს თუ არა დიდი დოზით მოწამვლაზე ის ფაქტი, რომ 26 დღის შემდეგაც კი ანალიზებმა აჩვენა ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა არ მიუღია.

„მას არ მიუღია ადეკვატური მკურნალობა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით... ასევე არ ჩატარებულა დეტოქსიკაცია იმ მედიკამენტების მიმართ, რომლებსაც იღებდა სიმპტომების შესამცირებლად”, – განაცხადა სმიტმა.

ისევე, როგორც ფსიქიატრმა დევიდ გოლდსმიტმა, სმიტმაც თქვა, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.
როდესაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სმიტს ჰკითხა, იცნობს თუ არა ის საქართველოს სამედიცინო სისტემის შესაძლებლობებს და საიდან იცის, რომ ასეთი პაციენტების მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, მან უპასუხა, რომ ინფორმაცია ადვოკატმა მასიმო დ’ანჯელომ მიაწოდა.
თავის მხრივ, სასამართლო დარბაზში მყოფმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ამას მოწმობს საქართველოს სამედიცინო სისტემის კვლევა, რომელიც თან ერთვის საქმეს.
ამერიკელმა ექსპერტმა სასამართლოს სააკაშვილის დიაგნოზი გააცნო >>
საპასუხოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთმელიძემ თქვა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში არსებობს ტოქსიკოლოგიის კათედრა, ასევე არის ტოქსიკოლოგიის ცენტრი ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში, ხოლო დეტოქსიკაცია უამრავჯერ არის ჩატარებული.
მხარეებმა განხილვისას ყველაზე მეტი დრო დაუთმეს მძიმე ლითონების – დარიშხანის, ვერცხლისწყლისა და ბარიუმის საკითხებს, რომლებიც, ექსპერტის თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინეს.
მრავალრიცხოვანი თხოვნის შემდეგ, წარედგინა კვლევის შედეგები, რომელშიც ნათქვამია დარიშხანის შესახებ, აღმოჩნდა, რომ ლაბორატორია LMS-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელსაც სმიტი ეყრდნობოდა თავის გამოსვლაში, არაფერია ნათქვამი ამ მძიმე მეტალის შესახებ.
სმიტმა თქვა, რომ ეყრდნობოდა არა მხოლოდ ლაბორატორია LMS-ის, არამედ ერთ-ერთი გერმანული ლაბორატორიის კვლევას, რომლის სახელიც ვერ გაიხსენა.
იუსტიციის მინისტრი: მარგველაშვილი რადიკალური ოპოზიციის ნაწილი გახდა >>
გარდა ამისა, სმიტმა განაცხადა, რომ მის კვლევაში მთავარი აქცენტი გაკეთდა ვერცხლისწყალზე, რომლის დონეც, მისი თქმით, 50%-ით აჭარბებს დასაშვებ ზღვარს და შეადგენს 0,12 მკგ/გ-ს. „დარიშხანი ძალიან სწრაფად ქრება, ვერცხლისწყალი კი უფრო დიდხანს რჩება“, – განმარტა მან.
სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სმიტის დასკვნაში აქცენტი თანაბრად კეთდება ვერცხლისწყალსა და დარიშხანზე.
უარყოფილი იქნა სმიტის მტკიცება იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყლის დონე ნორმას აღემატება. სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მალხაზ ურთმელიძის თქმით, ლაბორატორია LMS-ის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით, როგორც ვერცხლისწყლის, ისე დარიშხანისა და ბარიუმის დასაშვები დონეა 2 მკგ/გ. სააკაშვილს კი აღმოაჩნდა 0,12 მკგ/გ ვერცხლისწყალი და 0,5 მკგ/გ ბარიუმი.
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა ასევე ეჭვქვეშ დააყენეს სმიტის მტკიცება იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ტვინში თეთრი ნივთიერება მცირდება. კითხვაზე, თუ რას ემყარებოდა ეს დასკვნა, ექსპერტმა MRI კვლევის შედეგები დაასახელა. სმიტის დაკითხვისას გაირკვა, რომ მას პირადად ეს დოკუმენტები არ შეუსწავლია, ის დაეყრდნო ნევროლოგის დასკვნას, რომელიც საქმეს ერთვის.

მედლის ორი მხარე

მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აიცილოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულებისთვის. სააკაშვილის თანამებრძოლების მიზანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა, აღნიშნა პაპუაშვილმა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი, ბულინგი და საქართველოს პერსპექტივები - პრეზიდენტის ბრიფინგის მთავარი თემები >>

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.