წყალტუბოს განვითარებაში ინვესტიციებს კატარის კომპანია ჩადებს

პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში კატარის საინვესტიციო ჯგუფ „გოლდენ ტაუერ ინვესტ გრუპს“ ხუთი ობიექტი გადაეცემა.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. კურორტ წყალტუბოში კატარული ინვესტიციებით მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში კატარის საინვესტიციო ჯგუფ „გოლდენ ტაუერ ინვესტ გრუპს“ ხუთი ობიექტი გადაეცემა – სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობები.

„უკვე გვყავს უცხოელი ინვესტორი, რომელიც სასტუმროს ბიზნესშია წარმოდგენილი, და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში – რომ მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას“, – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ეს იქნება სხვადასხვა დონის 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც გამაჯანსაღებელი და სპორტული შემადგენელი ძალზე მნიშვნელოვანი ხარისხით იქნება წარმოდგენილი.
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში საპრივატიზაციო აუქციონებზე ინვესტორებისთვის 14 სანატორიუმის მიყიდვას ითვალისწინებს. მიზანია წყალტუბოს საერთაშორისო დონის ბალნეოლოგიურ კურორტად გადაქცევა.
დავითაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიიღებს სწორედ იმ მიზნობრივ ინვესტიციებს, რომლებიც კურორტ წყალტუბოს აღორძინებისა და მისი ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად ქცევისთვის არის აუცილებელი.
წყალტუბო უნდა იქცეს ბადენ-ბადენად: მთავრობამ კურორტის აღდგენის გეგმა შეიმუშავა>>
მინისტრმა განმარტა, რომ იყო მნიშვნელოვანი წინაპირობა – სახელმწიფომ გამოისყიდა ძირითადი რესურსი, სამკურნალო წყლები და დღეს ეს წყლები ხელმისაწვდომია როგორც კერძო პირებისთვის, ვინც დაინტერესებულია, რომ უბრალოდ მომსახურება მიიღოს წყალტუბოში, ასევე ყველა იმ დაინტერესებული ბიზნესისთვის, რომელიც წყალტუბოში განახორციელებს ინვესტიციებს და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას განაახლებს.
რაც შეეხება ინვესტიციების თანხას, დავითაშვილის განცხადებით, საპრივატიზაციო თანხა არის 12 მილიონი, ხოლო საინვესტიციო ვალდებულებები – 35 მილიონამდე.
კურორტები საქართველოში გაიყიდება - პრემიერის განცხადება>>
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული წყალტუბოს უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენისა და განვითარების გენერალური გეგმა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს კერძო კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას მინიმუმ 500 მილიონი ლარის ოდენობით.
კურორტი წყალტუბო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილია თავისი თერმულ–რადონული მინერალური წყლებით. რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს