თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის მონაკვეთების ნაწილი 2023 წელს გაიხსნება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
საქართველოში ავტომაგისტრალი Е-60 აზერბაიჯანთან საზღვარზე იწყება და ფოთთან ახლოს მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
„2023 წელს აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალური გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ეტაპობრივად გაიხსნება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე და სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე“, – განაცხადა ქარსელაძემ.
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის E-60 საერთაშორისო მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ოთხზოლიან თანამედროვე ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზაცია გაზრდის გზის გამტარუნარიანობას და სატრანზიტო საქონელბრუნვას, აცხადებენ სამინისტროში.
ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).