საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ წელს საქმიანი ტურიზმის 17 საერთაშორისო გამოფენასა და სხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს წელს მსოფლიოს 13 ქვეყანა გაეცნო, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ წელს საქმიანი ტურიზმის 17 საერთაშორისო გამოფენაში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
კერძოდ, საკონვენციო და საგამოფენო ბიურო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ისრაელში გამართულ ღონისძიებებში.
საქართველოს შესახებ გამართულ პრეზენტაციებს საერთაშორისო წამყვანი კომპანიების ასობით წარმომადგენელი დაესწრო. ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის.
ისრაელში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ>>
ღონისძიებებში მონაწილეობის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიურომ წევრი კომპანიებისთვის ტრენინგები გამართა. სემინარებს, რომლებსაც 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.
გარდა ამისა, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა სტატია, რომელშიც აღწერილია საქართველოში მდებარე ის სასტუმროები და საგამოფენო სივრცეები, სადაც დიდი კონფერენციების, შეხვედრების, კონგრესებისა და ფორუმების ჩატარებაა შესაძლებელი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს