თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა მინიმალური ხელფასი ექიმებისა და ექთნებისთვის, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
აზარაშვილის სიტყვებით, ექიმების შემთხვევაში მინიმალური ანაზღაურება 1.260 ლარი იქნება, ექთნებისთვის – 792 ლარი. აზარაშვილმა განმარტა, რომ ესაა ხელფასის დასაშვები მინიმალური ზღვარი და არა ფიქსირებული ანაზღაურება.
„ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ... ეს არის მინიმალური ოდენობა და არ არის ეს ხელფასის დაფიქსირება. ამაზე მაღალი ხელფასის განსაზღვრა შეუძლიათ“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
აზარაშვილმა კიდევ ერთ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც ეხება სამედიცინო მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებას. აზარაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე ყველა კლინიკა 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციას უნდა ფლობდეს.
კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ საერთაშორისო აკრედიტაციას მიიღებენ.
ამავდროულად მუშაობა მიმდინარეობს სამედიცინო მასალებისა და აღჭურვილობის რეგულირების საკითხებზე. აზარაშვილის სიტყვებით, 2024 წლიდან ნებისმიერი სამედიცინო აღჭურვილობა, დამზადებული საქართველოში ან იმპორტირებული, მკაცრად გაკონტროლდება. აზარაშვილის სიტყვებით, ესაა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ამიტომ ეს სიახლე სამედიცინო სექტორისთვის მნიშვნელოვანია.