საქართველოს პარლამენტში დეპუტატების შიმშილობის აქცია დასრულდა

Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტის დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ შეწყვიტა შიმშილობა, განაცხადა მისმა თანაგუნდელმა ხატია დეკანოიძემ.
15 დეკემბრიდან რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. ანა წითლიძემ ყველაზე დიდხანს, 10 დღე იშიმშილა.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს >>
დეკანოიძის სიტყვებით, წითლიძემ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ექიმების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. დეპუტატს რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა 15 დეკემბერს შიმშილობა გამოაცხადეს. 16 დეკემბერს მათ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა.
დეპუტატები ითხოვდნენ ექს-პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას. მისი ადვოკატები, ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა.
პირველმა შიმშილობა აბდულა ისმაილოვმა შეწყვიტა. მისმა ორგანიზმმა შიმშილობას სამი დღე გაუძლო. შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ.