მსოფლიო დღეს

უპრეცედენტო დარღვევა: ტაივანის საჰაერო სივრცე 71-მა ჩინურმა დრონმა გადაკვეთა

Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ტაივანის ყურეში ჩინეთის საჰაერო ძალების დრონებისა და საზღვაო ძალების ხომალდების უპრეცედენტო შეჭრა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მასშტაბური დარღვევაა დღეისათვის, იუწყება სააგენტო Reuters ტაივანის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.
საგარეო უწყების ცნობით, საუბარია 71 დრონზე, რომელთაგან 47 კუნძულს მიახლოვდა და ანტისარაკეტო სისტემების ამოსაცნობ ზონაში შევიდა.

„დღეს, დილის 06:00 საათისთვის (02:00 თბილისის დროით) ტაივანის გარშემო ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის 71 საფრენი აპარატი და 7 გემი დაფიქსირდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთი დღით ადრე პეკინმა ზღვასა და ჰაერში სამხედრო სწავლება ჩაატარა ტაივანის მახლობლად, რა დროსაც სამიზნეებზე დარტყმების მიტანა მუშავდებოდა.
როგორც პეკინში განმარტეს, ეს მანევრები იყო „მტკიცე პასუხი აშშ-ისა და ტაივანის ხელისუფლების მხრიდან მზარდ შეთქმულებასა და პროვოკაციებზე“.
თავის მხრივ, ტაივანი აცხადებს, რომ ჩინეთი „რეგიონში მშვიდობას არღვევს და ტაივანელების დაშინებას ცდილობს“.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ ნაწილად მიიჩნევს და არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას. დაძაბულობა ჩინეთსა და ტაივანს შორის ბოლოს მას შემდეგ გამწვავდა, რაც კუნძულს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ასევე ამერიკელი კონგრესმენები და სხვა სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ამის საპასუხდ ჩინეთმა ტაივანის ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობა გააძლიერა მის ხელმძღვანელობაზე ზეწოლის მიზნით.
წყარო: Reuters