თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გიორგი ცაგარეიშვილი თავის ოპოზიციონერ კოლეგას, დეპუტატს პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ექიმების რჩევების მიუხედავად, წითლიძე უკვე მე-12 დღეა შიმშილობს და მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს.
„ვთხოვ ქალბატონ ანის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ნებისმიერი ამგვარი აქტი აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილია სამედიცინო დახმარებით. სახელმწიფო იუსტიციის სამინისტროს სახით, პენიტენციური სამსახურის სახით ყველაფერს აკეთებს, რომ მისი, როგორც პატიმრის უფლება იყოს დაცული“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ექიმები აცხადებენ, რომ წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუარესდეს. ამასთან, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ოპოზიციონერი დეპუტატი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარს არ ამბობს.
„საერთოდ არ ხდება საკვების მიღება და ამიტომ სახიფათოა პაციენტის მდგომარეობა. ხდება ძალიან ხშირად წნევის ვარდნა, თავბრუსხვევა, რაც ახასიათებს შიმშილს. ასევე პერიოდულად აქვს თავის ტკივილი და უჭირს გადაადგილება. ამიტომ, რა თქმა უნდა, საყურადღებოა მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ექიმმა ნანა კვანტრიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მოშიმშილეებს პარლამენტში 16 დეკემბერს კიდევ ერთი დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ თემურ ჯანაშია შეუერთდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშჭვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყეს. ისინი მოითხოვენ, რომ ექს-პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავროს. მისი ადვოკატების, ნათესავებისა და თანამოაზრეების განცხადებით, სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება.
შიმშილობა პირველმა აბდულა ისმაილოვმა შეწყვიტა. მისმა ორგანიზმმა მხოლოდ სამი დღე გაუძლო. შემდეგ ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ.