თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულთა ასაკი 26-დან 64 წლამდეა, მათ შორის რამდენიმე პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები და კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს