თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. 2022 წელს ბათუმს სტატიები და სიუჟეტები 150-მდე უცხოურმა მედიასაშუალებამ მიუძღვნა, იუწყება აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
Bloomberg, Euronews, Wanderlust, Conde Nast Traveler, Forbes, Dailymail და New York Times იმ გავლენიან მედიაგიგანტებს შორისაა, სადაც ბათუმის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები დაიბეჭდა.
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები მკითხველს ისეთი მსხვილი ტურისტული გამოფენების გამოცემებმაც გააცნო, როგორებიცაა ბერლინის ITB BERLIN NEWS, ლონდონის WTM YEARBOOK და დუბაის ATM DUBAI DAILY PUBLICATION.
ბათუმის ხედი
© photo: Sputnik
2022 წელი ბათუმისთვის გამორჩეული იყო საერთაშორისო აღიარებების კუთხითაც. წელს პირველად, ევროპის ჯილდოს შემდეგ ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც მსოფლიოს წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა.
წელსვე, ბათუმი 2023 წლის World Travel Awards-ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელ ქალაქად ოფიციალურად დასახელდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულმა მიღწევებმა კიდევ ერთხელ განამტკიცა ბათუმის, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების სტატუსი.