თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმის განხილვა 29 დეკემბერს გაგრძელდება, განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. სასამართლო სხდომა პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა და ყველა მსურველმა ნახა, როგორ გამოიყურება ექს-პრეზიდენტი.
ბოლოჯერ სააკაშვილი სასამართლო სხდომას აპრილის ბოლოს დაესწრო. მაისში ის ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ექიმები სასამართლოში მის ტრანსპორტირებაზე უარს აცხადებდნენ და სამივე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები რამდენჯერმე გადაიდო. სააკაშვილი წინააღმდეგი იყო, რომ სხდომები მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებულიყო. მან ასევე უარი თქვა გასვლით სხდომაზეც, რომელიც მის პალატაში უნდა ჩატარებულიყო.
რაც შეეხება დღევანდელ მოვლენებს, დაცვის მხარის პირველი მოწმე ამერიკელი ექსპერტი, ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი გახდა, რომელმაც სააკაშვილი 2022 წლის 29 აგვისტოს მოინახულა.
როგორც ექსპერტმა პროცესზე განაცხადა, სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენციის სიმპტომები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება გამოწვეული იყოს სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე ლითონებით – ეს არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი.
ექს-პრეზიდენტს მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითება აქვს და უჭირს ახალი ინფორმაციის აღქმა. მას კარგად ახსოვს წარსული მოვლენები, მაგრამ უჭირს ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, რაც ხშირია დემენციის მქონე პაციენტებში, განაცხადა გოლდსმიტმა.
ამასთან, მსჯავრდებულს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. სააკაშვილმა ფსიქოლოგიური ტრავმა ციხეში მიიღო. გვერდითა საკნებში მყოფი პატიმრები მუდმივად ყვიროდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სააკაშვილს, განაცხადა ექსპერტმა მსჯავრდებულ სააკაშვილზე დაყრდნობით.
გოლდსმიტის რეკომენდაციაა გაათავისუფლონ სააკაშვილი და გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში აშშ-ში ან ევროპაში. იქ, საქართველოსგან განსხვავებით, არის მაღალი დონის სადიაგნოსტიკო საშუალებები, ასევე შესაძლებელია მძიმე ლითონებით დაბინძურებული თავის ტვინის პრობლემების მკურნალობა. მისი თქმით, მსოფლიოში არც ისე ბევრია ასეთი კლინიკა.
ამერიკელი ექსპერტის აზრით, ყოველი მომდევნო დღე იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას. გოლდსმიტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და ის მოკვდეს.
ადვოკატის კითხვაზე, ხომ არ სიმულანტობს სააკაშვილი, გოლდსმიტმა უარყოფითი პასუხი გასცა. ამასთან, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კითხვაზე პასუხის გაცემისას მან შენელებული აზროვნებისა და ცუდი მეხსიერების სიმულაცია დაუშვა.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ყველა ხედავს, თუ როგორ ცდილობს სააკაშვილი ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ აიცილოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულებებისთვის - ის ცნეს დამნაშავედ ორ საქმეზე და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სააკაშვილის თანამებრძოლების მიზანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა, აღნიშნა პაპუაშვილმა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.