„უნიჭო სიმულაცია“ - ირაკლი კობახიძე სასამართლოში სააკაშვილის ჩართვაზე

სააკაშვილი არასრულფასოვანი კვებისა და კუჭის ოპერაციის გამო გახდა, დარწმუნებულია პოლიტიკოსი.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქციელი სასამართლოზე მორიგი სიმულაციაა, დარწმუნებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. მსჯავრდებული სხდომას დისტანციურად საავადმყოფოდან ჩაერთო.

„დღეს ვნახეთ მორიგი სიმულაცია, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

ექს-პრეზიდენტის გარეგნული სახე არაფრით გამოირჩევა იმ კადრებისგან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
„სააკაშვილი არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება. მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც გამოიწვია ასევე წონაში კლება. ეს არის ერთადერთი, რასაც ვიზუალიდან ვხედავთ“, – განაცხადა კობახიძემ.
პაპუაშვილი: სააკაშვილის თანამებრძოლების მიზანი მისი მდგომარეობის გაუარესებაა>>
რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს დიაგნოზით უნდა დადასტურდეს, ხოლო სააკაშვილის მომხრეებმა ვერცერთი დიაგნოზის გამოქვეყნება ვერ შეძლეს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ეს იმას ადასტურებს, რომ არის ცალსახა სიმულაცია და უნიჭო სიმულაცია, მათ შორის, რაც დღეს ვიხილეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს.
სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო>>
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
კლინიკა „ვივამედის“ ექიმების გარდა, სააკაშვილი გამოიკვლია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილმა ექსპერტების ორმა ჯგუფმა, ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ უცხოელ ექიმებთან ერთად.
ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ სააკაშვილი მოწამლულია. ცენტრის დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კლინიკა „ვივამედმა“ თავადაც ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის.
ვოლსკი: უკრაინის საგარეო უწყება ესაუბროს მათ, ვინც საქართველოს ომისკენ მოუწოდებდა>>
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ საუბრებს აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის გამოკვლევის შედეგებზე ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
„არ ვეთანხმები" - ელისაშვილი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე>>
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს