თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა ჩააგდო.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე აგვისტოში ორი კანდიდატი წარადგინა – იურისპრუდენციაში სახელმძღვანელოების ავტორი თამარ ალფაიძე და საქართველოს ცესკოს სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი რევაზ ეგაძე.
ხუთშაბათს, 22 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე კანდიდატებმა ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს, შესაბამისად, კენჭისყრა ჩაიშალა.
საკითხის ჩავარდნის მიზეზი იყო ოპოზიციასთან უთანხმოება, ასევე მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ პრეზიდენტის არჩევანით უკმაყოფილება, რადგან წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ვერ მოხვდა.
ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ძალზე აქტუალურია 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგან არჩევნები ახალი სისტემითა და ახალ ფორმატში უნდა ჩატარდეს.
კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვს თვეს შეადგენს.