„არ ვეთანხმები" - ელისაშვილი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე

სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. სასამართლო სხდომა ამ საკითხზე 22 დეკემბერს დაინიშნა.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნა დაუშვებლად მიაჩნია, რადგანაც ეს პრეცედენტს შექმნის და ციხეებში ბუნტს გამოიწვევს.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. სასამართლო სხდომა ამ საკითხზე 22 დეკემბერს დაინიშნა.

„არ ვეთანხმები. თუ დაუშვებენ პრეცედენტს და მძიმე ავადმყოფ მსჯავრდებულს უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანენ, ციხეებში მოხდება ბუნტი. როცა 25 წელი გაქვს მისჯილი, კოვზსაც გადაყლაპავ, ჩუსტსაც მიაყოლებ და თავსაც დაიზიანებ. გგონიათ მძიმე პაციენტები ციხეებში არ არიან?“ – განაცხადა ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ამასთან, როგორც მან დაამატა, სააკაშვილი არა ციხეში, არამედ სამოქალაქო კლინიკაშია.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
„ჩემი აზრით, სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი. მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა დააშავა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ძალაუფლებას გადააჭარბა, ამის გამო ის ციხეში უნდა მჯდარიყო“, – განაცხადა დეპუტატმა.
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის გამოგზავნაში უკრაინის ხელისუფლება მონაწილეობდა>>>
უფრო მეტიც, მისი თქმით, სააკაშვილმა თავი შეირცხვინა იმით, თუ რა ფორმითაც დაბრუნდა სამშობლოში. ორი ვადით ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი საქართველოში არაჟნის ყუთებით სავსე კონტეინერით მალულად შემოიპარა, რითაც ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა და საკუთარი თავი.
„როგორც აღმოჩნდა, ის ფსიქოლოგიურად არ იყო მზად იმისთვის, რომ შეიძლება დაეჭირათ. თუ ახლა რამე სჭირს სააკაშვილს, ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემა, ის ვერ ეგუება პატიმრობას“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილის ადვოკატებიც წყალს ამღვრევენ, თითქოს ექს-პრეზიდენტი პოლონიუმით მოწამლეს.

„პოლონიუმით მოწამლული ერთი-ორი ადამიანი მყავს ნანახი და უბედურ დღეში იყვნენ. სააკაშვილს თუ ვინმე სჭირდება, ეს ფსიქოლოგია. მას პოლონიუმი კი არ აქვს დალეული, თავისი რიტმიდან და ტემპიდან გამომდინარე უჭირს იმის განცდა, რომ კიდევ არაერთი წელი მოუწევს ციხეში ჯდომა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გუშინ ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ „უცხოელებს აქვთ ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, პოლონიუმით იყოს მოწამლული“.
მისი თქმით, მსჯავრდებულის დაცვის მხარემ მიმართა საერთაშორისო ტოქსიკოლოგიურ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა კვლევები უნდა ჩატარდეს ამის დასადგენად. ქართულმა ლაბორატორიებმა კი განაცხადეს, რომ მსგავს კვლევებს ვერ ჩაატარებენ.
ერთი მსჯავრდებული, ორი პოზიცია
კლინიკა „ვივამედის“ ექიმების გარდა, სააკაშვილი გამოიკვლია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილმა ექსპერტების ორმა ჯგუფმა, ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ უცხოელ ექიმებთან ერთად.
ექიმები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. აქედან გამომდინარე, ისინი მოითხოვენ ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა სააკაშვილმა უცხოეთში საჭირო მკურნალობის ჩატარება შეძლოს.
„შიდა საქმეებში ჩარევა": ქართული პოლიტელიტა ზელენსკის მოწოდებასთან დაკავშირებით>>>
ექსპერტთა ჯგუფების სამედიცინო დასკვნებში ნათქვამია, რომ წინა გამოკვლევასთან შედარებით სახეზეა გაუარესება – ენცეფალოპათია, სენსომოტორული ნეიროპათია, ანემია, კახექსია, რაც თავისთავად მძიმე პროგნოზის მქონე მდგომარეობაა. ექიმების თქმით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება ტემპერატურის მატება, გასტროენტეროლოგიური და მხედველობის პრობლემები, მეხსიერების დაქვეითება, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი.
ომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად, ექსპერტების 2022 წლის 6 დეკემბრის დასკვნა დამატებით დიაგნოზსაც მოიცავს, მაგრამ ის, სენსიტიური ხასიათის გამო, არ გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია ამ დასკვნის შესახებ წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ცენტრი „ემპათია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ სააკაშვილი მოწამლულია. ცენტრის დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კლინიკა „ვივამედმა“ თავადაც ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
მოშიმშილე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პოლარიზაციის შემცირებისთვის პირობა დაასახელეს>>>
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.