თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ ბოლო ერთ თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.
მისი თქმით, ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულში, რუსთავსა და თბილისში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის, ასევე ამ დანაშაულის მომზადების ბრალდებით დაკავებულებს შორის არის იორდანიის ორი მოქალაქე და ერთი ლატვიის მოქალაქე. ნარკოტიკების რეალიზაცია ბრალად ედება საქართველოს 43 მოქალაქეს, რომელთაგანაც 11 წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. დაკავებულებიდან ყველაზე ახალგაზრდა 18 წლისაა, ხოლო ყველაზე ხანდაზმული – 53 წლის.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, „ალფა პვპ", „ბუპრენორფინი", „ექსტაზი“, „მეტადონი“, „კეტამინი", „ლირიკა", ოპიუმი და მარიხუანა.
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
წყარო - შსს