თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა 2022 წლის 11 თვეში საქართველოს 2,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რაც აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის 11%-ს შეადგენს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
მიმდინარე წლის იანვარი–ნოემბერში აზერბაიჯანმა 20,1 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია, დაწერა „ტვიტერში" ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა.
აღნიშნულ პერიოდში მოპოვებული მოცულობიდან ექსპორტზე თურქეთში გავიდა 7,6 მლრდ კუბური მეტრი, ევროპაში – 10,3 მლრდ კუბომეტრი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP) თურქეთში ტრანსპორტირებული იყო 5,2 მლრდ კუბური მეტრი გაზი.
შახბაზოვის განცხადებით, აზერბაიჯანში 11 თვეში სულ მოპოვებულია 42,5 მლრდ კუბური მეტრი გაზი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია.
ბუნებრივი აირის გარდა, აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული იყო 24 მლნ ტონა ნავთობი, რაც ქვეყანაში მოპოვებული ნავთობის 80%-ია.