დააკავეს პირი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეს თავს დაესხა

გავრცელებული ინფორმაციით, კირთაძეს თავს „კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერი დაესხა.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი პირი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ინციდენტი ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე გუშინ მოხდა, იმ დროს, როდესაც პოლიტიკოსი ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ერთვებოდა. თავდამსხმელმა კირთაძეს კვერცხები ესროლა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული უკვე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდა დაზარალებულიც.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.