აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატს კვერცხები ესროლეს - ვიდეო

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კირთაძე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გიორგი კირთაძეს ბათუმში კვერცხები ესროლეს, ინციდენტი ტელეარხ „ფორმულის“ პირდაპირ ეთერში მოხდა.
ინციდენტი ორშაბათს, ნაშუადღევს მოხდა. კირთაძე ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, როდესაც უცნობმა პირმა მას კვერცხები ესროლა. ამის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
თავად დაზარალებული მომხდარს დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.

„ბათუმში ასეთი ადამიანების პოვნა უჭირდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთი აღმოაჩინეს. იპოვეს ადამიანი, რომელიც ზრდილობის ყველა ზღვარს გადავიდოდა და ამ ტიპის საქციელს ჩაიდენდა. მე მგონია, რომ ძალიან ცუდად მოიქცა. ლაჩრები იქცევიან ასე", – განაცხადა კირთაძემ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში.

მომხდარს პროვოკაციას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაც.
„მორიგი პროვოკაცია ბათუმში – სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია, რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში გიორგი კირთაძის ჩართვისას. გიორგი კირთაძე არის ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ბათუმში დაამარცხა „ქართული ოცნება“, – განაცხადა მელიამ.
პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კირთაძე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს.
თავის მხრივ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა შარშანდელი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც უზენაესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს ურნიდან.

„დასაძრახია, როდესაც აჭარის უზენაესი საბჭოს წევრს ნაგვის ურნას ჩამოამხობ თავზე და ეს არ უნდა გაგიხარდეს, ვინც არ უნდა იყოს, უნდა დაძრახო ასეთი ადამიანი და დასაძრახია, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი შემთხვევაც, როცა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ქუჩაში ესროლეს კვერცხები“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილის თქმით, ყველა, ვინც მსგავს რამეს სჩადის, არის გასაკიცხი, ხოლო თუ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული – დასასჯელია.
ჩავლეიშვილთან დაკავშირებული შემთხვევა 2021 წლის იანვარში ბათუმში მოხდა, როდესაც ის ბულვარის ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდა. მისმა გამოჩენამ აქტივისტები გააღიზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა.