მწვანე ენერგია: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი შეთანხმებას გააფორმებენ

ღარიბაშვილი და ალიევი უკვე სამუშაო ვიზიტით ბუქარესტში იმყოფებიან
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი შაბათს ხელს მოაწერენ შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
შეთანხმების „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ხელმოწერის ცერემონია უნგრეთის დედაქალაქში გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკვე ბუქარესტში იმყოფებიან. ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება მაღალი დონის შეხვედრები.
მთავრობის მეთაური რუმინეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
წყარო - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.