სამხედრო სამსახურში სტუდენტებსაც გაიწვევენ

ამჟამად საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა – სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება სტუდენტებს მისცემს საშუალებას, რომ მათ სავალდებულო სამხედრო სამსახური სასწავლო პროცესისგან მოწყვეტის გარეშე გაიარონ, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამჟამად სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ერთი წელია, ამასთან, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს სტუდენტების ჯარში მსახურების გადავადება ხდება.
„ვინაიდან გავაფართოეთ პოტენციურ პირთა წრე, ვისაც შეიძლება სავალდებულო ჯარი შეეხოს, პარალელურად შემოგვაქვს ძალიან მოქნილი და დიდი დიაპაზონის მქონე სისტემა... იმ სტუდენტებისთვის, ვინც მოხვდება ამ სიაში, გვექნება ჩვენ არჩევანის საშუალება, რომ ოთხი წლის განმავლობაში წელიწადში ერთი თვე იმსახურონ და ჩაეთვალოთ სავალდებულო ჯარი მოხდილად. ჯამში ინტენსიური დღეების რაოდენობა იქნება 108 დღე“, – განაცხადა ბრეგაძემ.
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა – სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო. საქართველოშისავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს იწვევენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვეა.
მიუხედავად სამხედრო სამსახურის მოკლე ვადისა და შღავათიანი პირობებისა, როდესაც მოსამსახურეებს შეუძლიათ ღამით სახლში ყოფნა, ახალგაზრდები ხშირად პოულობენ რამე ხერხს, რომ თავი აარიდონ სამხედრო სამსახურს.
საქართველოში ძლიერი რეზერვი შეიქმნება - პრემიერი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზე>>
უარის მთავარ მიზეზად სახელდება ის, რომ ახალწვეულები ყველაზე ხშირად ხვდებიან არა შეიარაღებულ ძალებში ან შსს–ს სპეცრეაგირების ძალების რაზმში, არამედ ციხეების ყარაულში ან სახელმწიფო დაცვის სამსახურში.
მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე; პარლამენტის დეპუტატები; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები.
„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - ელისაშვილი პრემიერის ინიციატივას მიესალმება>>
ვადიანი სამხედრო სამსახურისგან შეიძლება გათავისუფლდეს ასევე ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.
სამსახურის გადავადება შესაძლებელია, თუ წვევამდელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არის სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთადერთი ვაჟია ოჯახში ან ჰყავს ორი და მეტი შვილი და სხვ. შეღავათებით სარგებლობენ ასევე მღვდელმსახურები, მასწავლებლები და სოფლის ექიმები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს