განათლების სამინისტრო სტუდენტების საცხოვრებლის საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრას აპირებს

მიმდინარე წელს საცხოვრებელი ფართის ქირის გაძვირებამ სტუდენტების საპროტესტო აქციები გამოიწვია.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის საკითხის უსწრაფესად გადაწყვეტის პრობლემა რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის რექტორებთან განიხილა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს უნივერსიტეტებთან არსებული სტუდენტური საცხოვრებლების საკითხზე. გაზაფხულიდან სტუდენტები ჩიოდნენ, რომ ქვეყანაში ბინების ქირაობის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ისინი ვეღარ ახერხებენ საცხოვრებლის დაქირავებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ დავით გურგენიძესთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძესთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერ ზურაბ ორჯონიკიძესთან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წარმომადგენელთან.

შეხვედრაზე მინისტრმა განიხილა ის შესაძლებლობები, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტას დააჩქარებს. მან აღნიშნა, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართვა.
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა, თავის მხრივ, მინისტრს სტუდენტური საცხოვრებლების საკითხის გადაჭრის კუთხით კონკრეტული ინიციატივები წარუდგინეს. ჩხენკელმა განაცხადა, რომ სამინისტრო მათ პროექტების განხორციელებაში მხარს დაუჭერს.
პროტესტი თსუ-ში
მაისში რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია დისტანციურად სწავლისა და გამოცდების ჩაბარების მოთხოვნით, რადგან მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა იქირაონ თბილისში ბინები, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაძვირდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიაჩნია.
10 ივნისს სტუდენტების ჯგუფი სასწავლებლის რექტორის კაბინეტში შეიჭრა, ერთი მხრივ, მასთან შეხვედრის და, მეორე მხრივ, მისი გადადგომის მოთხოვნით. მაშინ სტუდენტებმა მიაღწიეს დაპირებას, რომ სასწავლებლის ბიუჯეტის დაგეგმარებაში მონაწილეობას დაინტერესებული სტუდენტებიც მიიღებენ.
თსუ სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელს ააშენებს>>
პროტესტი არ შეწყვეტილა მას შემდეგაც, როდესაც უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში - ქუთაისსა და ახალციხეში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, ვისთვისაც დედაქალაქში გაჩერება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა აქვთ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს