თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. მიუხედავად რეგისტრაციის აქტიური ფაზისა, საქართველოში უცნობი რჩება 1 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთების მფლობელთა ვინაობა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
„დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი რეალობა, როდესაც დაახლოებით ერთ მილიონ ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მქონეთა ვინაობა არის გაურკვეველი. მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მიზნად ისახავს, გაირკვეს ყველა მესაკუთრის ვინაობა, იქნება ეს კერძო პირი, სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტი, და გადაიჭრას ეს პრობლემა, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე აწუხებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყნის 59 რაიონში მოქალაქეებს შეუძლიათ სრულიად უსასყიდლოდ დაარეგისტრირონ თავიანთი მიწის ნაკვეთები.
„ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით აზომილია 155 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 59 ათასზე მეტ მიწის ნაკვეთზე“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
მთავრობის ინფორმაციით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდეს.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს.