თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფომ სააკაშვილის დაკავებით საქართველოს მოსახლეობას მძიმე განსაცდელი აარიდა, რომელსაც ის და მისი თანამებრძოლები პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქვეყნისთვის ამზადებდნენ, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს ფარულად დაბრუნდა, რის შემდეგ თავისი მომხრეებისთვის რამდენიმე მიმართვა ჩაწერა თვითმმართველობის არჩევნების წინ. ის 1 ოქტომბერს დააკავეს. მისმა ჩამოსვლამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოზიციების დაკარგვის პროვოცირება მოაწყო, რომელმაც რამდენიმე დიდ ქალაქში მერების არჩევნების პირველივე ტურში მოგება ვერ შეძლო.
„დიდი მადლობა ეკუთვნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელთა გამართული მუშაობის შედეგად, სახელმწიფომ მოსახლეობას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი, რაც ამ ხალხს უნდოდა, თუმცა არ გამოუვიდათ. მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა მე- 12 დაწესებულებაში, სადაც მას ყოველთვის დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება უტარდებოდა. მან დაიწყო თვითდაზიანების რეჟიმი და ეს იყო შიმშილობის გამოცხადება“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა გამოცდას ამზადებდა „ნაცმოძრაობა" ქვეყნისთვის, თუმცა, აღნიშნა, რომ სააკაშვილი ამჟამადაც აყენებს ზიანს საკუთარ თავს, უარს ამბობს სათანადო მკურნალობაზე, რომელიც მას სახელმწიფო წარუდგინა.
სააკაშვილის დაკავების საფუძველი გახდა სასამართლოს მიერ ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი. ესაა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალება. ამ საქმეებზე ექს–პრეზიდენტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში მან ციხის საკანში მხოლოდ 170 დღე გაატარა, დანარჩენი დრო სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა შიმშილობისა და მისი შედეგების გამო. ბოლოს ის კლინიკაში 2022 წლის 12 მაისს გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს.ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი უკვე ორჯერ გადაიდო.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.