რატი ბრეგაძე პარლამენტში 16 დეკემბრეს მივა: ოპოზიცია მწვავე კითხვებს ამზადებს

იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის დეპუტატების წინაშე 16 დეკემბერს წარდგება.
პარლამენტის რეგლამენტით, წელიწადში ერთხელ „მინისტრის საათის“ ფარგლებში თითოეული მინისტრი შესრულებული სამუშაოს შესახებ პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს. პარასკევს იუსტიციის მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. გაიმართება პოლიტიკური დებატებიც.
მოსალოდნელია, რომ ოპოზიციის მხრიდან ყველაზე მწვავე კითხვები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკა „ვივამედში“ მყოფი მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოკადრების გავრცელებას შეეხება. კადრებში ჩანს, თუ როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან და ისტერიკას აწყობს.

„რატი ბრეგაძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის რეალურად მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ სახელმწიფო არღვევს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და მის პირად სივრცეს“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, მსჯავრდებულის კადრების გავრცელება მისი თანხმობის გარეშე არის კატასტროფა და სისხლის სამართლის დანაშაული.
„ხელისუფლებამ ასევე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რამდენადაც მათ მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილს არ მკურნალობენ", – განაცხადა დეკანოიძემ.
დღეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სიმულაციის მკაფიო მტკიცებულებები არ არსებობს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მოუწოდა, უმოკლეს ვადაში შეისწავლოს ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების კანონიერება.
სააკაშვილის სიმულირების მკაფიო მტკიცებულება არ არის - ომბუდსმენის აპარატი ვიდეოჩანაწერებზე>>>
13 დეკემბერს რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვიდეოჩანაწერები იმის დასტურია, რომ ექს-პრეზიდენტს არავინ აწამებს, რასაც ხელისუფლების ოპონენტები დაჟინებით ამტკიცებენ. ისინი მიმართავენ „ყოველგვარ ბინძურ ხრიკებს“, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და სასამართლო პროცესს ხელი შეუშალონ.
მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. მათი თქმით, საამისოდ არსებობს ყველა საფუძველი, კერძოდ, ექსპერტების სამედიცინო დასკვნა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.