ღარიბაშვილი: საქართველოს და აზერბაიჯანის საერთო მიზანი სტაბილური რეგიონის ხილვაა

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო მიზანი და სურვილი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღნიშნული განცხადება ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის სხდომაზე გააკეთა, რომელიც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით იმართება. სხდომის დაწყებამდე ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან შეხვედრა გამართა.

„ჩვენი სამაგალითო პარტნიორობით ხელს შევუწყობთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი – ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი უფრო მეტი ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი ხალხების მეტი კეთილდღეობისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის და ხაზგასმით ისაუბრა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რაც მთავარია, მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა უნიკალურია, რომელიც გამოცდილია მრავალი წლისა და საუკუნეების განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკოლოგიის მინისტრს შეხვდა: რაზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა>>>
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, ღარიბაშვილის თქმით, გადაიხედა მიმდინარე სტრატეგიული პროექტები და დაისახა სამომავლო გეგმები.
ამასთან, ღარიბაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში გააქტიურდა ერთობლივი კომისიების სხდომები.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.