თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა მკაცრად გაკონტროლდება, ხოლო დადგენილი ნორმების გადამეტების შემთხვევაში დამრღვევებს სოლიდური ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრებათ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იგეგმება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების პაკეტს საქართველოს მთავრობამ ორშაბათს მხარი დაუჭირა.
ინიციატივის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება ახალი მუხლი (119 პრიმა 2) – სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტება. გზებზე კონტროლს განახორციელებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები.
გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება. კერძოდ, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით.
იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 1,5 ათასი ლარი.
კანონპროექტის ამოქმედება 2023 წლის ივნისიდან იგეგმება.
„აღნიშნულ პერიოდამდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიძენს სპეციალურ, თანამედროვე გამზომ აპარატურასა და შესაბამის მოწყობილობებს, ასევე მოხდება სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა და თანამშრომელთა გადამზადება, რათა გზებზე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი ეფექტიანად განხორციელდეს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
პირველ ეტაპზე კანონი ამოქმედდება ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში წარედგინება.