თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა, იუწყება „პირველი არხი“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს, ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.
კანდიდატებს შორის არიან პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის აქტიური წევრი, პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი მუმლაძე.
ექსპერტების უმეტესობის ვარაუდით, ძირითადი ბრძოლა ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის წარიმართება. განსხვავებით ხაბეიშვილისგან, რომელმაც განაცხადა, რომ წაგების შემთხვევაშიც მზადაა დარჩეს პარტიაში, ნიკა მელიას თქმით, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილის ამის თაობაზე გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ მიიღებს.
ამჟამად პარტიაში მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.