თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი განაჩენისგან გათავისუფლების კამპანია მისი რეჟიმის მსხვერპლთა დაცინვაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. სასჯელის გადავადების რეკომენდაცია გასცა ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
„წარმომიდგენია, რას გრძნობენ მისი რეჟიმის მსხვერპლნი, მათი ოჯახები. პირდაპირი დაცინვაა, როდესაც ტანჯვა-წამებას გამოვლილი ოჯახები დღეს უყურებენ, თუ რამდენად ფართოა კამპანია, რომელიც პირდაპირ ემსახურება სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთ, აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.
უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.